:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი
სონეტები

5

ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.



11

დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.



18

ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის - ხანმოკლეა მისი არსება
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნეაბ ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.



25

ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარებდეს დიდკაცობი დიდი წოდება,
თუმცა არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება,
ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.
სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი,
თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას,
ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი,
ვინ ააცილოს დამარცხებულს ლანძღა-ძაგება.
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის,
მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.




29

როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა-კვალი,
ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,
ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,
მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება
და გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,
საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.
და ოცნებები ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.
ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,
რა ბედენაა მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.



60

როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი
და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად
და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.
მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,
ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.



62

ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.



66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



110

ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები,
ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი,
ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებით
და ძველი გრძნობა ახალ ტრფობით შევურაცხვყავი.
ჭეშმარიტება არ მიყვარდა შმაგბუნებიანს,
ჭეშმარიტება არ მინდოდა ნათლად მენახა,
მაგრამ გულის ისევ სიჭაბუკე დაბრუნებია
და უკვე ვიცი, ჩემი სატრფო მხოლოდ შენა ხარ.
უკვე დასრულდა ჩემი გზები სახეტიალო,
აღარ დავეძებ ტრფიალებას გაუთავებლად,
ვერას დამაკლებ, ცთუნებათა მახევ, ტიალო,
რადგან ვიპოვე სიყვარულის წმინდა ღვთაება.
კარგო, შენი ვარ, შეისმინე ჩემი მუდარა,
შენი ნათალი მკერდი მინდა ნავსაყუდარად.



126

ჩემო ბიჭუნავ, ჯერ შენი გზა კიდევ ვრცელია.
მაგრამ საათი რომ გიჭირავს, ყველას ცელია.
დროს წესადა აქვს ჩვენი ჭკნობით შენი გაფურჩქვნა,
დრო ერთდროულად გვახარებს და გვიგდებს აბუჩად.
დრო სპობს ყველაფერს, მაგრამ ახლა ცდილობს ბუნება
შენი განვლილი დროის უკან შემობრუნებას.
ბუნებას უნდა თავის კვალი დროს დააჩინოს,
წინ აღუდგეს და დაბერებას გადაგარჩინოს.
თუმცა სიკეთის მეტი მისგან არა გინახავს,
მაინც უფრთხილდი, სამუდამოდ ვერ შეგინახავს.
დაგვიანებით, მაგრამ მოვა, როგორც სახადი,
და გადუხდელი არ დაგრჩება გადასახადი.

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 0
1